სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 350 კმ-ზე მეტი. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს.
2020 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის რამდენიმე ათეული შემთხვევა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თითოეული მათგანი უმწვავესად იქნა განხილული მოქმედი მექანიზმების ფარგლებში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული. განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. მიმდინარეობს პროცესის დეტალური განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ხაზგასმით უნდა აღინიშოს, რომ საოკუპაციო ხაზისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განხილვისას რუკების გამოყენება ხელს უწყობს ე.წ. საზღვრის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ნარატივის გამყარებას. ამავდროულად, ოკუპაციისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხების განხილვისას არაზუსტი ტერმინოლოგიის (მაგ: შიშის ზონა, საზღვარი, საზღვრის გადმოწევა) გამოყენება, აზიანებს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”.