ქართველ მსახიობებს მრავალი ათეული წლის განმავლობაში კომუნისტური წყობილების პირობებში ცხოვრება და მუშაობა უხდებოდათ. როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქეს, მათაც უწევდათ სხვადასხვა დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება.
ჩვენი “აქტიორები“ ამ სავალდებულო დატვირთვას ერთგვარი იუმორით უდგებოდნენ და “პარადებზე” დრო მეტად ხალისიანად გაჰყავდათ.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ვაჟა კვიტაიშვილმა ერთი “მხიარული წესი” შემოიღო.
30 გრამიანი შავი ყანწი ჰქონდა. ყოველ დღესასწაულზე, პირველი მაისი იყო თუ შვიდი ნოემბერი, ჩაიდებდა ჯიბეში ამ ყანწს, ნახევარ ლიტრიან არაყს, მეუღლის გამომცხვარ ხაჭაპურს და ასე გამოდიოდა დემონსტრაციაზე.
ეს წამოწყება კოლეგებს ისე მოეწონათ, რომ ისინიც ასე “შეიარაღებულები” მოდიოდნენ. მხოლოდ იპოლიტე ხვიჩია არ სვამდა, მაგრამ განსაკუთრებულად მხიარულად იქცეოდა.