პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა.
კანონპროექტს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. როგორც სხდომაზე ,,ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, უხერსხულია, როცა მარეგულისრებელი კომისიის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს 10 ათასობით ლარი აქვთ ხელფასი, მაშინ, როცა ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა.
,,სჯობს, გავაფართოოთ არა მარტო კომუნიკაციების მარეგულირებელი და ვთქვათ, ენერგეტიკის მარეგულირებელი, არამედ ეროვნული ბანკი იქნება, აუდიტი იქნება ყველა ერთ ჩარჩოში მოექცეს და რაღაც შევიმუშაოთ. უხერხულია ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ვიღაცა რამდენიმე ათეულ ათას ლარ ხელფასს იღებდეს თვეში. კარგია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შემოაქვთ ეს ცვლილება, იმიტომ, რომ მათი დაშვებულია, პენსიაზე უშვებდნენ ხოლმე დეპუტატებს დამსახურებულად, როდესაც სიაში ვეღარ ხვდებოდნენ. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, რომ აბინავებდნენ მაღალ ხელფასიან სამსახურებში წარსულში ამბიციურ დეპუტატებს“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.