„ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის მუხლით უკიდურესად მძიმე ფაქტია“,_ ასე ეხმაურება „გურია ნიუსთან“ მომხდარს პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაძე.
როგორც ახალაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი — ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, უკონტროლო მმართველობისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დეფიციტის ნათელი მაგალითი. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია, ხოლო გამოძიება უნდა ჩატარდეს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენის გარეშე.
ჩვენს კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფაქტის შემდეგ მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა?
ახალაძე გვპასუხობს: ცხადია, მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა!
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფომაციით, მან და მისმა მეგობრებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.































































