უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, მარცვლეულის, მარილის, ხორცის, შაქრის ექსპორტს კრძალავს, ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის სამშაბათის დადგენილებაში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, ასევე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა რომან ლეშჩენკომ თქვა, რომ ნაბიჯები გადაიდგა “უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად” და “მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კრიტიკულ საკვებ პროდუქტებში”.
ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური ფირმის Gro Intelligence-ის თანახმად, ერთობლივად, რუსეთი და უკრაინა პასუხისმგებელნი არიან ხორბლის გლობალური ექსპორტის თითქმის 30%-ზე.
ხორბლის ფასები გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ და მიაღწია ფასებს, რომელიც არ ყოფილა 2008 წლის შემდეგ.