უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 136 ბავშვია დაღუპული, 199 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის 31-ე დღის მდგომარეობით, დაიღუპა 136 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაშავდა 199 ბავშვი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 25 მარტს, დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა, დაშავდა ერთი არასრულწლოვანი. 24 მარტს, 13 წლის გოგონამ ნიკოლაევის რაიონში საარტილერიო თავდასხმის შედეგად მრავლობით ჭრილობები მიიღო.
ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში – 64, ხარკოვის ოლქში – 44, დონეცკის ოლქში – 50, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში – 28, ლუგანსკის ოლქში – 25, ზაპოროჟიეს ოლქში – 17, ხერსონის ოლქში – 20, დედაქალაქ კიევში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15, სუმის ოლქში – 14.
რუსი აგრესორების მხრიდან თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 570 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა.
გენერალური პროკურატურამ დასძენს, რომ ეს მონაცემები არაზუსტია, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბვის ადგილების შემოწმება შეუძლებელია.