უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, მიმდინარე ომსა და ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე, გამოცემა The Economist-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. ზალუჟნი ვარაუდობს, რომ ომი, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს.
“ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება. ომი ჩიხში შევიდა. შეიძლება, ის წლები გაგრძელდეს და უკრაინული სახელმწიფო დაღალოს”, – ამბობს ის.
ზალუჟნის თქმით, შეცდომა იყო იმის ფიქრი, რომ რუსეთის ჯარი სისხლისგან დაიცლებოდა. „რუსეთს 150 000 სამხედროზე მეტი მოუკვდა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მსგავსი დანაკარგები ომს შეაჩერებდა”, – ამბობს ზალუჟნი.
მისივე თქმით, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ახლა უკრაინას, ჩიხიდან გამოსვლაში, მხოლოდ „რაღაც ახლის გამოგონება“ თუ დაეხმარება.
„4 კვირაში ყირიმამდე უნდა მივსულიყავით, იქ გვეომა და შესაძლოა, უკან დაგვეხია. ამის ნაცვლად, დასავლური ტექნიკით შეიარაღებული უკრაინული ჯარი გაიჭედა დანაღმულ ველზე, არტილერიისა და უპილოტო აპარატების ცეცხლის ქვეშ. გადაადგილებებმა შეიარაღებულ ძალებში არაფერი შეცვალა. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს მტერი – ის ხედავს ჩვენს ქმედებებს. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, რაღაც ახლის გამოგონება გვჭირდება, იმდენად ახლის, როგორიც, თავის დროზე, ჩინეთში დენთის გამოგონება იყო”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.