უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის მოსმენა 21 დეკემბრისთვის გადადო. აღნიშნულ ინფორმაციას INTERFAX ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სააკაშვილმა სარჩელი უკრანის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეიტანა, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურები ივლისში დაიწყო.
10 სექტემბერს სააკაშვილი პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს.
25 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და გასაჩივრება გადაწყვიტა.
საქმის მოსმენა სასამართლომ 22 ნოემბერს ჩანიშნა.
20 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩორნოლუცკიმ განაცხადა, რომ მოსამართლის დანიშვნა გაყალბებით მოხდა.
უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარყო ბრალდება და განაცხადა რომ „ არ არსებობდა და არ შეიძლება იყოს გაყალბება ადმინისტრაციულ სასამართლოში სადაც სასამართლო საქმეების ავტომატიზებული გადანაწილების სისტემაა“.
მაუწყებლის ცნობით, 21 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ 22 ნოემბერს ჩანიშნული მოსმენა გააუქმა, რადგან მოსამართლე რომელსაც საქმე გადაეცა გადაყვანილი იქნა სხვა საქმეზე.
სააკაშვილის სარჩელის მოსმენა 21 დეკემბერს 3 საათზე ჩაინიშნა.




































































