უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და ქვეყნის სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმიოიხილა და განაცხადა, რომ დღეს ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-ია, მნიშვნელოვნად შემცირდა ვალი, მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზეა და წელს იქნება 25 მლრდ დოლარი, შესაბამისად 80 მლრდ ლარამდე.
“ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა.
მინდა, ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს.
ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.