“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული კანონპროექტები, არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ბოკერიას თქმით, მთავარია პროტესტი გრძელვადიანი გახდეს და საპროტესტო განწყობის მქონე მხარემ მორალური უმრავლესობა მოიპოვოს.
“ეს კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის, ნაწილია ბევრად უფრო დიდი პრობლემის. ჩვენი, “ევროპული საქართველოს” ხედვაა, რომ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის და სუპერ უმრავლესობის საზოგადოების მობილიზებისთვის. ფორმები მრავალნაირი არსებობს, მაგრამ მთავარი საკითხი არის დიდი მორალური უმრავლესობის შექმნა ქვეყანაში,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.