“ძვირფასო საზოგადოება!
ისევ დიდი ტრაგედია ტრიალებს საქართველოში, ისევ იწვის ჩვენი მიწა _ აბასთუმნის ტყეში დიდი ხანძარია!
აქ უფრო რთულადაა სიტუაცია, რადგან ხანძრის კერა უღრან ტყეშია _ სირთულეს ქმნის მიუვალობა, უღრანი ტყეა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იქ დაახლოებით 10-15 წელიწადია ხე არ მოჭრილა…
მაშველები, პოლიცია და ყველა სამთავრობო სტრუქტურა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში; ასევე ჩართულები არიან ადგილობრივი მოსახლეობის მოხალისეთა რაზმები, თავდადებული მესხები!
მათ ამჟამად ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება _ ეს შეიძლება გამოიხატებოდეს პირველადი საჭიროების მედიკამენტებში (იოდი, ბინტი, ბამბა და სხვა), ასევე, მშრალი სახის პროდუქტებში (კონსერვები _ ხორცის, თევზის, მაკარონი, შაქარი, ჩაი, ყავა და სხვა), პირველადი მოხმარების საგნებში (საპონი, მშრალი და სველი ხელსახოცები და სხვა).
საჭირო იქნება ერთჯერადი სამუშაო ხელთათმანები და სხვა სამუშაო ატრიბუტიკა!
ამ მიზნით შექმნილია დახმარების შტაბი სასტუმრო “საქართველოს” (მელიქიშვილის გამზირი) 4-5 სართულზე, რომელსაც ქალბატონი თინათინ ჯაყელი ხელმძღვანელობს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას ტელეფონით ნომერზე _ 555969555 ან დარეკოთ შტაბში _ 597985147.
ერთად ვებრძოლოთ სტიქიას და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს!” _წერს სოციალურ ქსელში ახალციხის საპატიო მოქალაქე თინათინ ჯაყელი.
როგორც ქალბატონი თინათინი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, თბილისში შექმნილია დახმარების შტაბი სასტუმრო “საქართველოს” (მელიქიშვილის გამზირი) 4-5 სართულზე:
_ იმედია ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. აბასთუმანში ბევრი ადამიანია, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება _ მაშველები, მოხალისეები. ეს სამოქალაქო აქციაა, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა დავგეგმეთ, _ აღნიშნავს ქალბატონი თინათინი.