გუშინ, ღამით, ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ოთხ ვილაში“ გაჩენილი ხანძარი, მეხანძრე-მაშველთა ძალსხმევით დროულად იქნა ლოკალიზებული.
„გურია ნიუსთან“ თვითმხილველები საუბრობენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე:
_ხანძარი თავად მეპატრონის თვალწინ გაჩნდა. როგორც გავიგეთ, ის, მეოთხე სართულზე, ოთახში როცა შევიდა და შუქი აანთო, მოლოდნელად მოკლე ჩართვა მოხდა. პლასტიკატი ყოფილა ჭერზე აკრული და ცეცხლი ჯერ იმას მოედო. თავიდან ძალიან აალდა, მაგრამ მეხანძრე-მაშველებმა იყოჩაღეს. მოდიოდა და მოდიოდა მანქანები ფოთიდან, ქობულეთიდან, ოზურგეთი თავისთავად აქ იყო. ბიჭებმა მართლა ძალიან მაგრად იმუშავეს და ხანძარი მალე ჩააქრეს, _ გვეუბნებიან ქალბატონები, რომლებიც თავად შეესწრნენ ფაქტს.
მათივე თქმით, ზარალი ძალიან დიდი არაა და მთავარი ახლა ისაა, რომ არ არის მსხვერპლი.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე