თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლისის ტბის საქმეზე სასამართლო განხილვა მხარეებს შორის მომხდარი უერთიერთდაპირისპირების გამო გადაიდო.
პროცესის დასასრულს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფიქრია ზირაქიშვილმა, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და „უზრდელი“ უწოდა.
რამ გამოიწვია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის გაღიზიანება უცნობია, მან „გურია ნიუსთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
დღევანდელ პროცესზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რაც მხარის მიერ შუამდგომლობების დაყენებას მოყვა.
საქმე ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის განცხადებით, იძულებით, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, 2006 წლის 4 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. განცხადების დაწერიდან ცოტა ხანში კი, ქონება გასხვისდა და ის რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც დღემდე ეს კომპანია ფლობს. ახვლედიანი ამ ქონებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოცემულ განკარგულებას ასაჩივრებს, რომელიც მისი განცხადების დაწერიდან რამდენიმე დღეში გამოიცა და რითაც ახვლედიანს ქონება ჩამოერთვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონთან შესაბამისი იყო. ახვლედიანის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.
დღევანდელი სასამართლო პროცესი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ახვლედიანის დაცვის მხარის დაყენებული შუამდგომლობები, რომლითაც მხარე კონკრეტული პირების დაკითხვას, ასევე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებული კვლევისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული დოკუმენტების საქმის მასალებზე დართვას ითხოვდა, მხარეები არ დაეთანხმნენ. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირების დაკითხვა, რასაც მხარე ითხოვს, გამოძიების პრეროგატივაა, რადგან სისხლის სამართლის საქმე და ადმინისტრაციული ერთმანეთისგან განსხვავდება და სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე ამ ღონისძიებას მოკლებულია, რადგან საქმეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს. რაც შეეხება კვლევის დართვას, რომელიც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წელს გამოაქვეყნეს, ზირაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ორგანიზაციის პოზიცია და კვლევა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეებს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციას, სადანაც ირკვევა, რომ ახვლედიანი თავის ბიზნესპარტნიორებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის მქონე კურორტის მშენებლობას გეგმავდა, ზირაქიშვილი ამ მასალების საქმეზე დართვას დაეთანხმა.
დოკუმენტაციაში, რომელიც „გურია ნიუსმა“ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ სს“ლისის ტბა“ ლისის ტბის ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობას გეგმავდა. სს“ლისის ტბის“ გენდირექტორი რუსუდან ფანცულაია მცხეთის გამგებელს ვახტანგ ყიფშიძეს წერს, ს.ს „ ლისის ტბა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის რამაზ ახვლედიანი, არის G R D C-ის (საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია) შვილობილი კომპანია და იგეგმება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის მქონე კურორტის მშენებლობა, რისთვისაც მოზიდული იქნება რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარი და უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც წარდგენილია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების მიმართ. ამავე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რამაზ ახვლედიანს ამ საქმეში პარტნიორებად ჰყავდა I F C (საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია – მსოფლიო ბანკის ჯგუფი), E B R D (ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკი), თი-ბი-ში ბანკი, G R D C (საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია) და სხვები. ამას ემატებოდა ს.ს „ლისის ტბა“-ს -ს ანგარიშზე არსებული რამოდენიმე მილიონი ლარი.
სწორედ აქედან გამომდინარე დააყენა დღეს ახვლედიანის დაცვის მხარემ კონკრეტული პირების, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის, რუსუდან ფანცულაიას (სს „ლისის ტბა“-ს გენდირექტორი) და ირაკლი კილაურიძის G R D C – საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის დირექტორი) დაკითხვის შუამდგომლობა, რაზეც სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.
შუამდგომლობების დაყენებისას, მხარეებს შორის შეუთანხმებლობამ დაპირისპირება გამოიწვია. თბილისის მერიის წარმომადგენელმა შუამდგომლობების გაუცნობლად განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია საქმეს ეს მასალები დაერთოს. იგივე პოზიცია დააფიქსირა „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა გოჩა გოგიშვილმაც.
ამას ახვლედიანის დაცვის მხარის განმარტებები მოჰყვა, რაც საბოლოოდ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„თქვენ ახლა არ აჟღერებთ სახელმწიფოს პოზიციას, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლების მერია უნდა ავითარებდეს. გესმით თქვენ განსხვავებები?“ _ მიმართა თბილისის მერიის წარმომადგენელს არჩილ კაიკაციშვილმა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ფიქრია ზირაქიშვილის მხრიდან კაიკაციშვილის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამი მოყვა.
„მე თქვენთვის პერსონიფიცირებულად შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ამიტომ მომიხადთ ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვ სხდომა დატოვოთ. მე ვარ უზრდელი? უზრდელი არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, _უპასუხა კაიკაციშვილმა ზირაქიშვილს.
სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პალატის თავმჯდომარემ გიორგი ტყავაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს კორექტურლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავი შეეკავებინა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. საბოლოოდ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომა შეეწყვიტა.
თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა „გამაოგნებელი“ უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქცევას და შეახსენა, რომ საერთო სასამართლოებში წარმოადგენდა სახელმწიფო ინსტიტუციას და ვალდებული იყო დაეცვა საჯარო სამსახურის ეთიკა და სამსახურეობრივი ინსტრუქცია. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ინსტანციის მიმართ პატივისცემის გამო, პროტესტის ნიშნად, არ დატოვებდა სასამართლო სხდომას და მიმართა საქმის განმხილველ პალატას მიეღო ზომები, მხარეს ადგილზე მოეხადა ბოდიში ან სასამართლოს გამოეყენებია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხარის სანქცირებასთან დაკავშირებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ფიქრია ზირაქიშვილმა შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო, ბოდიში არც სხდომის დასრულების შემდეგ მოიხადა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება და მსვლელობა მიეცემოდა.
როგორც არჩილ კაიკაციშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.
„ეს არის ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელი ქმედება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან. მან დაარღვია საჯარო ეთიკის კოდექსი შრომითი ურთიერთობის მნიშვნელოვანი პრინციპები და სამსახურებრივი ინსტრუქცია, როდესაც მას ევალება განსაკუთრებით საერთო სასამართლოებში, სასამართლოსთან და მხარეებთან ურთიერთობის დროს. ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. გვექნება მკაცრი შეფასება. რადგან თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვერ უძლებს ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე წარმომადგენელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება თუ თბილისის მერია, მხარეს, სრულფასოვან კოლეგას „უზრდელი“ უწოდოს. ეს არის გამაოგნებელი შემთხვევა და ჩვენ ვსვამთ ამ ქალბატონის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს, რადგანაც დისციპლინარული სახდელი ამ შემთხვევაში მცირეა“, _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.
„გურია ნიუსმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა პრეზდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც, თუმცა ფიქრია ზირაქაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში გადაგვამისამართა.
„ამ ეტაპზე არ ვაკეთებ კომენტარს, შემდგომში შეგიძლიათ მობრძანდეთ ადმინისტრაციაში ან დაუკავშირდეთ პრეზდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს“, _ გვითხრა ფიქრია ზირაქიშვილმა.
მოგვიანებით, „გურია ნიუსი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, დამატებით კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით არ აკეთებენ.
„შეგიძლიათ დაწეროთ ფაქტის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთდება“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ცნობისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (გიორგი ტყავაძე, თავმჯდომარე, მარიამ ცისკაძე, ნათია ქუთათელაძე) განიხილავდა. საქმეში მხარედ წარმოდგენილები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“. შემდეგი სხდომა 2017 წლის 19 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.
ამავე თემაზე:
ლისის ტბის დათმობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო ხვალიდან განხილვებს იწყებს
შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I
მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება
უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში
როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში