საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) USAID-ის ენერგეტიკის პროგრამამ ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშგების ერთიანი სისტემა გადასცა.
„USAID ენერგეტიკის პროგრამის“ კონსულტანტების მიერ შემუშავდა ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის დანერგვისთვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, ანგარიშთა გეგმა, ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები, ანგარიშგების ფორმები.
ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის დანერგვის შედეგად სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების, დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ უნიფიცირებული წესით, უზრუნველყონ რამდენიმე საქმიანობისთვის საერთო დანახარჯების მიკუთვნება და გადანაწილება კომისიის მიერ განსაზღვრული დანახარჯების ალოკაციის პრინციპების შესაბამისად, მოახდინონ აღრიცხვის შესაბამისი ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა, რაც მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია რეგულირებადი საქმიანობის დანახარჯების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია შემდგომი ანალიზისთვის, გამოიყენოს ის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში და უზრუნველყოს აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მეტი გამჭვირვალობა.
ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა დანახარჯების კონტროლის კარგი საშუალებაა როგორც მარეგულირებელი კომისიისთვის, ისე ლიცენზიატი საწარმოების ხელმძღვანელებისთვის.(R)