“დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას თვითკმაყოფილი უწოდა – “თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი” – მიმართა კოპალეიშვილმა კობახიძეს.
კოპალეიშვილის ეს რეპლიკა კობახიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა – “ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი”. კოპალეიშვილმა ამაზე კობახიძეს უპასუხა, რომ პროცესი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიჰყავთ – “ამას შეაფასებს საზოგადოება, თქვენ მიგყავთ თუ არა სწორად”
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა პროცესი მიმდინარეობს.
“ქართული ოცნება” უკვე მესამე დღეა ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოში დაამტკიცოს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას აღარ იმსახურებს და მან დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი პროცესებს არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. “ოცნების” ინტერესებს კი თავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, ირაკლი კობახიძის მეთაურობით.
დღეს პროცედურულად მხარეებს ექნებათ პაექრობის საშუალება, ერთმანეთს შეკითხვებს დაუსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.