უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს ეხმაურება, რომელიც ოკუპანტებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს განახორციელეს. ზელენსკი ამას “მიზანმიმართული ტერორიზმს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს.
“70-ზე მეტი “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას.
ჩვენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს დრონების უმეტესი ნაწილი, მაგრამ არა ყველა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს მის ქმედებებზე,” – წერს ზელენსკი X-ზე.
ინფორმაციისთვის, გასულ ღამეს რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. მხოლოდ კიევის მიმართულების მათ 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა, მიკოლაევისა და სხვა ოლქებშიც.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის, 11 წლის ბავშვი.
თავდასხმის შედეგად კიევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა – სადენების დაზიანების გამო, დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას.