ევროპის მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს, ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ბოლნისის რეგიონული და ვანის არქეოლოგიური მუზეუმები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს შეიქმნა არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. მუზეუმი, რომელიც თავისი დამაარსებლის სახელს ატარებს, 2020 წლიდან სრულიად განახლებული სახით ახალ სიცოცხლეს იწყებს.
ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.
ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის” რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები – კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები.
განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნებოდა.
განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.
მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელოვნებასთან, განათლებასთან და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თიბისისა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული განძი, მრავალფეროვანი და თანამედროვე ფორმატების დახმარებით, ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.
ვანის მუზეუმის პარტნიორები არიან შელბი ვაითის და ლეონ ლევის ფონდი. მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის „Ellis Williams Architects”, სცენოგრაფის ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში. (R)