საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, “ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას”.
“სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას.
ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში”, _ ამბობს ნინო ლომჯარია.