ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის სახელთან ერთი ტრაგიკომიკური კურიოზია დაკავშირებული.
ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ.
თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: „შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” „მე ვიყავი”, – უპასუხა მსახიობმა. „აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.
შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: „რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”.
ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: „იფ, კნიაზჯან!” მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.
ავტორი