ახალგაზრდა აქტივისტისა და ჟურნალისტის გიორგი მორჩილაძის ინფორმაციით, აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროზე მორიგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი.
„მეგობრებო, ქვემო აკეთში გაურკვეველმა კომპანიამ ისევ დაიწყო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. მდინარე სუფსას თვითნებურად შეუცვალეს კალაპოტი, არ უფრთხილდებიან ბუნებას, დააზიანეს ხეები და უდაბნოს დაამსგავსეს ტერიტორია. მე ჯერ არ ვიცი: ეს რომელი კომპანიაა, რა უფლებით შემოვიდა სოფელში და რატომ ახორციელებს აშკარა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას!!“, -წერს გიორგი მორჩილაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, თუ რა დამართა მათთვის გაურკვეველი წარმოშობის კომპანიამ სოფელს.
მორჩილაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და შესაბამის უწყებებს საჯაროდ მიმართავს, რომ დროული რეაგირება მოახდინენონ ამ ყველაფერზე.
„დაუყოვნებლივ მოვითხოვ პასუხს ამ უბედურებაზე ლანჩხუთის მერისგან, აკეთში მისი წარმომადგენლისგან და დეპუტატისგან. ასევე, მივმართავ გარემოს დამცველ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს და მოვითხოვ ამ პროცესის შეჩერებას. ადგილობრივი ხელისუფლების გასაგონად: ხალხი ჩივის, რომ მოუსპეს საძოვრები და მალე პრობლემური გახდება იქვე მდებარე ყანით სარგებლობა!! ეს კი ქვემო აკეთელებისთვის, ხშირ შემთხვევაში, თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა!!! ველოდები თქვენგან სასწრაფო პასუხს: ვინ და რატომ ააოხრა მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორია და რატომ შემოუშვით კომპანია სოფელში ისე, რომ ხალხის დიდ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს არავითარი ინფორმაცია. ამ კომპანიებთან აწარმოებთ თუ არა კერძო საუბრებს და რას მოიცავს ეს მოლაპარაკებები, მივიცლი ძალიან მალე და მე თვითონ გავარკვევ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე პასუხს დაუყოვნებლივ ველოდები!!!“, -წერს მორჩილაძე.