ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. „ჭადრების ბაღში“ ბავშვების სიმრავლეა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რატომ იყვნენ ბავშვები შეკრებილი ბაღში. როგორც გაირკვა, ისინი ისინი კონცერტს ელოდებიან, რადგან დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
“2 საათზე ველოდებოდით კონცერტს. ახლა გვითხრეს, საღამოს 6 საათზე იქნებაო“, _ გვითხრეს მათ.
„გურია ნიუსის” კითხვაზე, ვისგან მიიღეს ეს ინფორმაცია, ერთ-ერთმა გვითხრა, რომ სოფელში მოხალისეები დადიოდნენ და მათგან გაიგეს.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, მან ეს ამბავი ჩვენგან გაიგო და სკოლებიდან მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მარინა ჯაფარიძის თქმით, დღეს, როგორც წინა წლებში, დამოუკიდებლობის დღე, პანდემიის გამო, მასშტაბურად არ აღინიშნება.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე: “ოზურგეთში, ჭადრების ბაღში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისული ბავშვები მოტყუებულები და იმედგაცრუებულები დარჩნენ _ ყოველწლიური სამხედრო ტექნიკის გამოფენა და საზეიმო ღონისძიება წელს თავისუფლების მოედანს არ გასცდა :(((“ _ წერს ბესო ქათამაძე ფეისბუქზე.