7 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოცი საკითხის წარმოდგენამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დეპუტატებს შენიშვნა მისცა დაგვიანების გამო, თუმცა, ყველაზე გვიან თვითონ შემოვიდა დარბაზში.
მან დეპუტატებს ოცი საკითხი გააცნო, რომელთაგან უმეტესობა დებულებებში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. საკითხებს წინააღმდეგობის გარეშე უყარეს კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე მნიშვნელოვანი იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულ საბჭოს დეპუტატი ლელა საჯაია უხელმძღვანელებს და ცხრამეტი წევრი დეპუტატი ეყოლება. საკრებულომ ეს გადაწყვეტილებაც ერთხმად დაამტკიცა.
საკრებულოს თხოვნით მიმართა დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ, რომ საკუთარი წინადადება წარმოედგინა. სხდომის დასრულებისთანავე მან კოლეგებს მიმართა ვეტერანების თაობაზე:
_ მინდა გითხრათ წინა წლის სხდომებზე არაერთხელ გაჟღერებული საკითხის შესახებ, რაც ვეტერანთა, კერძოდ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს საომარ მოქმედებებში მონაწილეთათვის ერთჯერად დახმარებას ეხება. ეს არის 70 ათასი ლარი ოდენობის თანხა, რაც თითოეულისთვის ასლარიანი ვაუჩერის გადაცემას გულისხმობს. თუმცა, ეს წინადადება არ იქნა გათვალისწინებული. როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროშიც განიხილეს საკითხი, მაგრამ არ გახორციელდა, _ თქვა გოგიბერიძემ და მოუწოდა კოლეგებს, ნუ გავჩერდებით, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთო.
მან ასევე მოითხოვა საბავშვო ბაღების მასწავლებელთათვის ხელფასის გაზრდა. როცა ჯგუფში ორმოცი ბავშვია და მასწავლებელს ხელფასი ორასი ლარი აქვს, მართლაც მცირეა და როგორმე სახელფასო უზრუნველყოფა მოვახერხოთო.
დეპუტატმა ლელა საჯაიამ ასეთი პასუხი გასცა გოგიბერიძეს:
_ ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხებით. ვინმეს ეგონება, რომ ამ თემებზე ჩვენ არ ვმუშაობთ. ამიტომ, როცა საკითხს ასე დასვამთ, ისიც თქვით, როგორ და საიდან უნდა მოვიძიოთ ეს თანხები, _ თქვა მან.
შოთა გოგიბერიძემ აღუთქვა, რომ მომავალ სხდომაზე აუცილებლად წარმოადგენს თავის ფრაქციასთან ერთად შემუშავებულ გეგმას, თუ როგორ და საიდან უნდა მოხდეს ამ აქტივობების დაფინანსება ბიუჯეტიდან.