იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა ჰქონდა, რადგან დოკუმენტი სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსს არეგულირებს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – მოაწერს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ხელს მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ ვეტო დაიდება, საპარლამენტო უმრავლესობა მას დაძლევს.
“ეს კონსტიტუცია იყო მრავალი ხარვეზით სავსე და ქმნიდა საშუალებას, რომ ხელისუფლების შტოებს: მთავრობასა და პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შექმნილიყო სხვადასხვა ტიპის გაუგებრობები კომპეტენციების განაწილების მხრივ. ეს უკვე აღმოფხვრილია. იქნება დაბალანსებული საკონსტიტუციო საპარლამენტო მოდელი და როგორც ვენეციის კომისიაც ამბობს თავის დასკვნაში, იქნება ჯანსაღი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ვეტოს, როგორც ჩანს პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს, ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. როგორც დაიდება ვეტო, ისე გადაილახება”, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო, რითაც ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.