რამდენიმე დღის წინ, ,,შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანება შესთავაზა. საქართველოს პრეზიდენტმა უსუფაშვილის შემოთავაზებას მეორე დღესვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის უსუფაშვილის სულისკვეთებას ქვეყნის ვითარების შეფასების ნაწილში იზიარებს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მას და უსუფაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ისინი ნატოს სამიტის შემდეგ შეხვდებიან.
,,გურია ნიუსის“ შენების მოძრაობის ლიდერს ჰკითხა, რა შთაბეჭდილება დარჩა პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ და როგორ ფიქრობს, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი მის შემოთავაზებას?
როგორც დავით უსუფაშვილმა განგვიცხადა, მაქსიმალურად შეეცადა ღია წერილში იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც ქვეყანას მწვავედ აწუხებს. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, სჯობს მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და შეხვედრას დაველოდოთ.
,,ვარაუდებს ვერ გამოვთქვავ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება საქმე და სჯობს, დაველოდოთ. გიორგი შეძლებს შეხვედრას. მოგეხსენებათ, ახლა უცხოეთშია და ამ შეხვედრის შემდეგ სჯობს, ვისაუბროთ. მე, რაც სათქმელი მქონდა, ამ წერილში ვეცადე მაქსიმალურად მეთქვა. გიორგის აქვს ნათქვამი, რომ ყველაფერი გაიგო და დაფიქრდება სასაუბროდ. დანარჩენს ამბებს რაც შეეხება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, _ გვითხრა უსუფაშვილმა.
მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და შევა თუ არა ალიანსში ,,შენების მოძრაობის“ ლიდერთან, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, სადაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს. ამასთან, წელს პრეზიდენტი, გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით აირჩევა.