ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“უკრაინამ ორივე სასტარტო მატჩში მარცხი განიცადა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება შემდეგი შეხვედრაც წააგონ. უკრაინა ძლიერი გუნდია, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და რა თქმა უნდა, რთული დაპირისპირებისთვის ვემზადებით.
პირდაპირ პოლონეთში შევიკრიბეთ, არ მინდოდა ფეხბურთელებს ბევრი ემგზავრათ. ვემზადებით და გუნდში კარგი ატმოსფეროა, იგივე შემართება და მოტივაცია გვაქვს, რაც სექტემბრის მატჩებში გვქონდა. ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ, საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
ამჟამად იმაზე არ ვფიქრობთ, რომ პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ ჯგუფიდან გავიდა. რთული ოთხი შეხვედრა გველოდება და მიზანი მეტი ქულის მოპოვებაა. საბა გოგლიჩიძეს და გიორგი გულიაშვილს ადაპტაცია არ გასჭირვებიათ და საწვრთნელ პროცესში კარგად ჩაერთვნენ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ მაღალი კონკურენციაა და ვინც დაიმსახურებს, შანსს მიიღებს“.
წყარო: sportall.ge