დაიწყო ახალი პროექტი “ვიმოქმედოთ ერთად“ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და მათი მშობლებისთვის.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „ქალები ქალებისთვის“, ევროპის ფონდის მხარდაჭერით. 2021-2022 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 60 სოფელში კარდაკარ პრინციპით ჩატარდა აღწერა და შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ბაზა. მიმდინარე წლის მარტიდან ხორციელდება პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის კურსს მოიცავს. 2023 წლის ოქტომბრიდან კი „ქალები ქალებისთვის“ იწყებს ახალი პროექტის “ვიმოქმედოთ ერთად“ განხორციელებას, რომლის ძირითად სამიზნე ჯგუფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები წარმოადგენს. პროექტის მიზანია ბენეფიციარების გაძლიერება, თავიანთი უფლებების დაცვა, ქვეყანაში არსებული სერვისების და სიახლეების შესახებ ინფორმირება, ახალი უნარ-ჩვევების სწავლება ტრენინგები თემაზე _ როგორ მოუარონ და ჯანსაღად იურთიერთონ შვილებთან. მშობლებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნებისმიერ წევრს მიეწოდება ინფორმაცია თავიანთ უფლებებზე და იმ სერვისებზე, რაც მათთვის არის განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში შექმნილია ადვოკატირების ჯგუფი, რომელშიც შედის არსამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. ათი თვის განმავლობაში, ჩოხატაურის ყველა სოფელში გაიმართება შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, მათ მშობლებთან და მეურვეებთან. შშმ პირთა წინაშე მდგარი საჭიროებების და პრობლემების გამოკვეთის შემდეგ, მოხდება გადაჭრის გზების ძიება და ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე წარდგენა. თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. პროექტში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. პირველი ტრენინგი სახელწოდებით „ქვეყანაში არსებული სოციალური და ჯანდაცვის სერვისები“ გაიმართება 2-3 ნოემბერს 11-დან 14 საათამდე. მისამართი: ჩოხატაური, დუმბაძის 69ა. დასწრება თავისუფალია.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved