ოზურგეთში, როგორც ცნობილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება ქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ქუჩების, ტროტუარების, მოედნების მოსაპირკეთებლად.
ნინოშვილის ქუჩაზე, მცირე აღმართზე, იქ, სადაც კლინიკა „მედალფა“ მდებარეობს, ახლად დაგებული ტრუტუარი უკვე აყრილია. უსწორმასწოროდ დაგებული ფილები დაბრეცილი, აშკარად ასაღები და ხელახლა დასაგებია.
ასეთი შემთხვევები, აღნიშნული სამუშაოების დროს, არაერთხელ ფიქსირდება. ამას არ ჰქვია მცირე შეცდომა, როცა სამუშაო პროცესში, შესაძლოა, რაღაც იაღლიში მოხდეს და ორიოდე ფილას ხელახლა დასჭირდეს გადაადგილება.
_ასე რამდენს ნახავ აქ. ამას ჰქვია უპასუხისმგებლოდ და უცოდინრად შესრულებული სამუშაო.
ახლა სწავლობს დაგებას ამის გამკეთებელი, ყორის ქვა არ დაუდევს ერთმანეთზე, ეტყობა და აგერაა შედეგი. სად პოულობენ ასეთ კადრებს, _ ამბობენ ქუჩაზე მოსიარულე მოქალაქეები.
იქვე დასძენენ, რომ სამშენებლო თუ სხვა საქმეზე მომუშავე სპეციალისტები, უკვე სანთლით საძებარია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოჩა აბაშმაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ თვალყურს ადევნებენ ყოვედღიური სამუშაოების შესრულებას.
–დღესვე გავალთ და ვნახავთ. ჩვენ უწყვეტად ვადევნებთ თვალს სამშენებლო პროცესს. შესაძლოა, რაიმე პრობლემა იყო. ადგილზე მისვლისას უფრო გავარკვევთ, – გვითხრა მან.
ავტორი