გურიის ჭადრაკის ფედერაცია “გურიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშე თენგიზ თოიძეა.
თენგიზ თოიძე 2009 წელს დაიბადა. ის მსოფლიო პირველობის პრიზიორია, სამი საერთაშორისო და ოთხი რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია და არაერთგზის პრიზიორია. ასევე არის 10, 12 და 14 წლამდე ასაკში გურიის ჩემპიონი.
2020 წელი დაიწყო უბრწყინვალესი შედეგით _ საახალწლო რეგიონულ ტურნირში ერთპიროვნულად გაიმარჯვა და დაუმარცხებლად უკან მოიტოვა გურიის ყველა ტიტულოვანი მოჭადრაკე, მათ შორის, გურიის მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები (საშუალო რეიტინგი _ 1800).
თენგიზი ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთში დამთავრდა ტრადიციული სახაალწლო საჭადრაკო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც გურიის რეგიონის 20-მა საუკეთესო მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გახსნისას, გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანდღულაძემ მოკლედ შეაჯამა გურული მოჭადრაკეების მიერ 2019 წელში მიღწეული შედეგები. როგორც მან აღნიშნა, გასული საჭადრაკო სეზონი ჩვენი მოჭადრაკეებისათვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა. მათ მიერ საერთაშორისო და რესპუბლიკურ საჭადრაკო ჩემპიონატებში და ტურნირებში მოპოვებული იქნა 30-ზე მეტი საპრიზო ადგილი. სასიხარულოა, რომ ეს წარმატებები უმეტესად 8-12 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი: ჭაბუკებში ოზურგეთელმა თენგიზ თოიძემ და გოგონებში ლანჩხუთელმა მარიამ ჩხაიძემ. საერთო შედეგების შეჯამებით წლის საუკეთესო მოჭადრაკედ თენგო თოიძე დასახელდა. მან ეს შექება ბრწყინვალედ გაამართლა საახალწლო ტურნირშიც _ თენგიზმა დაუმარცხებლად განვლო მარათონი და გურიის მრავალგზის ჩემპიონებთან და პრიზიორებთან პაექრობაში ერთპიროვნულად მოიპოვა გამარჯვება.
ანდღულაძის თქმით, ასეთი რეკორდული შედეგი ჯერ გურიაში არავის არ ჰქონია. თენგიზს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა გურიის სამგზის ჩემპიონი, ლანჩხუთელი ნუგზარ გვარჯალაძე. III-IV საპრიზო ადგილები, ასევე, ლანჩხუთელებმა: ტარიელ ხუხუნაიშვილმა და მარიამ ჩხაიძემ გაიყვეს.
მისასალმებელია, რომ მარიამმა ამჯერადაც ტოლი არ დაუდო გამოცდილ, მამაკაც მოჭადრაკეებს. მომდევნო საპრიზო ადგილები, შესაბამისად, ლევან კომახიძემ, მიხეილ აფხაზავამ და ნიკოლოზ ბარამიძემ აიღეს.
ტურნირი საზეიმო ვითარებაში დაიხურა, სადაც წარმატებულ მოჭადრაკეებს სპეციალური დიპლომები და ფასიანი ჯილდოები გადაეცათ.