ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივით მიმართა. ინიციატივაში აღნიშნულია ბებიის დღის დაწესების 3 მიზეზი.
ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ ბებიის დღეს 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს. ის აცხადებს, რომ სწორედ მსახიობმა შექმნა ქართულ ფილმებში ბებიის დაუვიწყარი სახეები. ამასთან ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ „ბებია და ბარაქიანი შემოდგომა – რთველი, ჩურჩხელა, თათარა ქვეყანაში მჭიდროდაა დაკავშირებული“.
ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივის შესახებ პარლამენტის ბიურომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პარლამენტის ბიუროსთვის გაცნობა დაავალა.