ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ირაკლი ბუკნიაშვილმა გურიის სატყეო სამსახურის ექვსი თანამშრომელი დააჯილდოვა.
მეტყევეებს: დარვინ კობერიძეს, რუბენ ბარამიძეს, სპეციალისტებს არსენ ჭკუასელს, ირაკლი თავბერიძეს, კახაბერ თოიძეს, და დამხმარე სპეციალისტს თემურ მგალობლიშვილს ჯილდოები უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის – ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ფაქტების გამოვლენისთვის გადაეცათ.
ინფორმაციისთვის, გურიის რეგიონული ოფისი დაახლოებით 240-მდე სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ადგილობრივებს საშუალება აქვთ, სააგენტოს სერვისებით განახლებულ სივრცეში ისარგებლონ. რეაბილიტირებული შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები, რაც, ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად, ასევე, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წამახალისებელ ღონისძიებებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას.