შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ. ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულს ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადებაში ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ლანჩხუთში, ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში ფარმაცევტად მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკანონოდ ყიდდა ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილ, მკაცრ აღრიცხვაზე არსებულ რეცეპტებს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: ყალბი რეცეპტები, რეცეპტების ცარიელი ბლანკები და სამსახურებრივი კომპიუტერი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შსს პრესსამსახური ფსიქოდისპანსერის სხვა თანამშრომელთა დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.