თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შიდა პარტიული სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა. რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აღმსრულებელი მდივნები საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების მოძიებით არიან დაკავებულები და შესაბამის სიებს ადგენენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა გამგებლობის კანდიდატურებზე, რაც, როგორც გვეუბნებიან, „ქართული ოცნებისთვის“ „თავის ტკივილის“ მთავარი მიზეზია.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოქმედი გამგებლების უმრავლესობა ცენტრალურ ოფისში არ მოსწონთ და ალტერნატიულ კანდიდატებს ეძებენ. ერთ-ერთი ასეთი მუნიციპალიტეტი კი ლანჩხუთია, სადაც ჩვენი ინფორმაციით, მოქმედი გამგებელი ზაზა ურუშაძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ახლად დანიშნული აღმასრულებელი მდივნით, ალეკო სარიშვილით ჩანაცვლდება.
ურუშაძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია და მისი კანდიდატურის ხელახლა დაყენებაზე ცენტრალურ ოფისში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. სარიშვილი კი აღნიშნავს, რომ ეს თემა სმენია, თუმცა, ამაზე არ უფიქრია.
_ ჩემგან ეს თემა არ წამოსულა. ვიღაცეები კი ამბობდნენ, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არაფერი ყოფილა და მეც არ შემიწუხებია თავი, _ გვითხრა სარიშვილმა.
_ აპირებთ თავის შეწუხებას?
_ ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და სიმართლე რომ გითხრათ, მაგაზე არ მიფიქრია.
_ ბატონო ალეკო, პარტიის აღმასრულებელ მდივნად ახლახან დაინიშნეთ. ამ გადასახედიდან, თქვენი თანამდებობის გათვალისწინებით, რას გვეტყვით, ზაზა ურუშაძე შეძლებს არჩევნების მოგებას?
_ შანსი ყველას აქვს. მუშაობს, საარჩევნო კამპანიას გააჩნია.
_ თქვენი აზრით, მოგების შანსი რამდენი აქვს მოქმედ გამგებელს?
_ გააჩნია ვინ იქნება კონკურენტი.
_ თქვენ თუ იქნებით?
_ ვერ გეტყვით, ჩემს თავზე არ მიფიქრია.
_ იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ თქვენი კანდიდატურა დააყენა და ურუშაძემ დამოუკიდებლად სცადა ბედი, შეძლებთ მისთვის მოგებას?
_ პარტია ვისაც დააყენებს იმის მხარდამჭერი ვიქნები და თუ არ დააყენა ზაზა პარტიამ, თავისთავად, მისი კონკურენტი ვიქნები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ალეკო სარიშვილმა.