ექს პრემიერის გიორგი გახარიას პარტია ლანჩხუთშიც გამოჩნდა. მართალია, ჯერ ოფიციალურად არც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია დაფუძნებულა და არც ოფისი გაუხსნიათ, თუმცა, მათი პარტიული აქტივობა უკვე შეინიშნება.
ირკვევა, რომ გახარიას გუნდმა საამისოდ ლანჩხუთში ელგუჯა კალანდარიშვილი მოავლინა, რომელიც ჯანდაცვი სამინისტროში, კერძოდ კი, რეგულირების სააგენტოში წლების განმავლობაში იკავებდა ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კალანდარიშვილი განიხილება მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ექსპრემიერის გუნდიდან.
მეტი დეტალის გასარკვევად “გურია ნიუსი” თავად კალანდარიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც არ უარყო აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, ისიც დასძინა, რომ შეიძლება ის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდეს პარტიის მხრიდან.
“კი არის შემოთავაზებები, თუმცა, ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ მერობის კანდიდატი ვიქნები, არის საუბრები საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზეც”, _ ამბობს ელგუჯა კალანდარიშვილი.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, გეგმავს თუ არა გახარიას გუნდი სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელოს.
როგორც ელგუჯა კალანდარიშვილი ამბობს, კონკრეტული გადაწყვეტილება ადგილზე კადრების მოძიების შემდეგ მიიღება.
“კონკრეტული ჯერ არაფერია, ჯერ კადრების მოძიების პროცესში ვარ. ჩამოვედი, რომ ადგილზე გავეცნო სიტუაციას და ვითარება შევისწავლო, რასაც შემდეგ ზემოთ, პარტიის ლიდერებს გავაცნობ. გეგმაში ნამდვილად გვაქვს სოფლებში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები დავაყენოთ. ვნახოთ, მანამდე კი პარტიის ოფისის გახსნას ვაპირებთ”, _ გვითხრა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის კანდიდატურის პარალელურად საუბრები მიდის იმაზეც, რომ გახარიას პარტიას შეუერთდება ლანჩხუთის ყოფილი პირველი პირის, ზაზა ურუშაძის გუნდიც. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად შესაძლოა, დაასახელოს ყოფილი გამგებლის ძმა, ბიძინა ურუშაძე, რომელიც წლების განმავლობაში ყაზახეთში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. ამ ინფორმაციას არც ელგუჯა კალანდარიშვილი უარყოფს:
“ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული არაფერი ვიცი”.
ავტორი: სოფო წილოსანი