ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ აირჩიეს დავით დარჩია, რის შემდეგ დაიწყო მისი მოადგილეების არჩევის პროცესი.
სამი მოადგილიდან არცერთი არ არის ქალი.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის მოადგილე და ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნათია გოლიაძე მოიაზრებოდა ერთ-ერთ მოადგილედ.
„გურია ნიუსმა“ დავით დარჩიას კითხვით მიმართა:
_ ბატონო დავით, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთ მოადგილედ ნათია გოლიაძის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ ის არც დღევანდელ სხდომას ესწრება და არც მოადგილის კანდიდატურად იქნა დასახელებული.
_ არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
მოადგილეების არჩევის შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეების დასახელების დრო დადგა.
წელს ოზურგეთის საკრებულოში ორი ფრაქცია იფუნქციონირებს. ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტზე ქეთევან ხომერიკი დასახელდა და დაინიშნა, მას შვიდი მოადგილე ეყოლება _ ნინო ჭანიშვილი, გოჩა მდინარაძე, გოჩა კილაძე, ნინო ნადირაშვილი, ლევან კილაძე, ზურაბ მორჩილაძე და მიხეილ ცქვიტიშვილი .
რაც შეეხება მეორე ფრაქციას ,,ხალხის ძალა” იქნება. ამ ფრაქციაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის წევრებია გაერთიანებული. სამივე მათგანი მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და იმ სოფლებში „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები არ დააყენა. როგორც ცნობილია, „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიაა.
ფრაქცია „ხალხის ძალაში“ საკრებულოს სამი წევრია გაერთიანებული _ ეროდი გორდელაძე, დავით თოიძე და გელა ჩავლეშვილი.
ფრაქციის გარეშე დარჩნენ „ლელოს“ წევრი ვლადიმერ ქვილორია და „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი გიორგი სირაძე.
ვლადიმერ ქვილორიას თქმით, ის აქტიური წევრი იქნება საკრებულოს და ხალხის პრობლემებს გააჟღერებს.
ავტორი































































