„მოდით თავი დავანებოთ ასეთი ტერმინებით ერთმანეთთან საუბარს. რასაც თვითონ კობახიძე უწოდებს გუნდურობას, რომ საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდე კოლეგას, ეს მან პირველმა დაარღვია. მასთან ერთად, როგორც ჩანს, მისი თხოვნით და დავალებით იგივე გაიმეორა ოხანაშვილმა, კილაძემ, მდინარაძემ, კუჭავამ. ის, რაც მე ვთქვი, ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე, მათ გააკრიტიკეს საჯაროდ, _ ეს განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტის კითხვის _ აქვს თუ არა პარტიიდან გარიცხვის მოლოდინი? _ საპასუხოდ გააკეთა.
ბესელიას თქმით, ამჟამად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას – როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას.
“ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანს „გაირიცხება“, „გამოირიცხება“… სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას – როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი. ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე, და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მითუმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?“ – აღნიშნა ბესელიამ.


































































