სკოლებში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ ცვლილებათა პაკეტზე განათლების სამინისტრო და პარლამენტი უკვე მუშაობს. ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე ასახვა კი მიმდინარე წელს უნდა მოხდეს.
აღნიშნულმა ცვლილებამ მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.
ვის შეუძლია იყოს მოწვეული პედაგოგი, ვის ევალება მასწავლებლის სკოლაში მოწვევა_ ამ საკითხებზე სასაუბროდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს დავუკავშირდით.
მისი თქმით, მოწვეული პედაგოგი მაღალი დონის პროფესიონალი უნდა იყოს.
„მოწვეული პედაგოგი, შესაძლოა, იყოს პირი, რომელსაც აქვს გამოცდილება, სხვაგან არის დასაქმებული და სკოლაში სურს მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი ჩაატაროს. ეს არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც იმის გამო, რომ სხვაგან არის დასაქმებული, არ აქვს საკმარისი დრო, რომ მასწავლებლისთვის წაყენებული სხვა მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რაც არის მაგალითად, პროფესიული განვითარება. თუმცა, მისი მაღალი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, სკოლისათვის მიზანშეწონილია, რომ ეს ადამიანი მოიყვანოს და გარკვეულ კლასებთან გაკვეთილები ჩაატარებინოს. ეს შესაძლებელია იყოს არჩევითი საგნები, რომლებიც განსაზღვრული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით, შესაძლებელია იყოს გაღრმავებული პროგრამა. ეს არის უკვე სკოლის ინდივიდუალური გადასაწყვეტი, თუ ვინ იქნება ეს ადამიანი, თუმცა, ეს არ არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვს საკმარისი გამოცდილება. აქ არის მაღალი ინტერესი სკოლისა, იმიტომ რომ მოსწავლეებისთვის მათ ძალიან ბევრის მიცემა შეუძლიათ, ამავდროულად, ეს არის ახალი ინტერესი სკოლისთვის და პედაგოგებისთვის, რომ მათი კოლეგა იყოს მაღალი დარგის პროფესიონალი, რაც ეს მათ პრესტიჟსაც აამაღლებს“, _ ამბობს რატიანი.
მისივე თქმით, სპეცპედაგოგს სკოლაში შესვლა სპეცპედაგოგის განხრით შეეძლება, თუმცა, სპეცპედაგოგებისთვის გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
„იგეგმება გარკვეული ცვლილებები. ისინი ვინც არიან სკოლებში სპეცმასწავლებლად ვალდებულები იქნებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში სერტიფიცირება გაიარონ. რა სახის იქნება სერტიფიცირების პროცესი, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სამინისტრო, სპეციალური ჯგუფი არის შექმქნილი. ის მასწავლებელი, რომელიც სპეცპედაგოგად შევა სკოლაში, გასავლელი ექნება სერტიფიცირება“, _ თქვა რატიანმა.