საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ქალები უფრო ხელგაშლილნი არიან ახლობლების მიმართ და საქველმოქმედო საქმიანობაში, ვიდრე მამაკაცები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ინდიანას უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერები, რომლებიც ფილანტროპიას იკვლევდნენ.
თანამედროვე მეცენატი 50 წელს გადაცილებული განათლებული ქალია. საინტერესოა, რომ ამ მხრივ გამოკვლევა პირველად ჩატარდა. მკვლევრებმა 8 ათასი ოჯახი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ ქალები ორჯერ მეტს ხარჯავენ ქველმოქმედებაზე, ვიდრე მამაკაცები. გამონაკლისი მხოლოდ მარტოხელა ქალები არიან, რომელთა წლიური შემოსავალი 23,5-დან 43 ათას დოლარამდეა.
მეცნიერები ქალების ხელგაშლილობას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთ-ერთი, ბოლო პერიოდში ქალების ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებაა. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება დასაქმებული ქალების რაოდენობა და პარალელურად, მათი – შემოსავლებიც. სადღეისოდ ქალები 25 პროცენტით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები. გაუთხოვარი და ქმართან გაშორებული ქალები ქველმოქმედებას უფრო მეტ თანხას ახმარენ, ვიდრე მარტოხელა მამაკაცები.
ერთადერთი კატეგორია, რაშიც მამაკაცებმა ქალებს აჯობეს, ქვრივებია. გამოირკვა, რომ ქვრივი მამაკაცები უფრო მეტს ხარჯავენ ქველმოქმედებაზე, ვიდრე ქალები. ქმრის დაკარგვის შემდეგ, ქალები ნაკლებ სენტიმენტალური ხდებიან, მამაკაცები – პირიქით.