ფაქტს იმის შესახებ, რომ მაია პაიჭაძემ რესურსცენტრში შეხვედრა გამართა სკოლის დირექტორებთან არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე.
“ეს არ არის სწორი, ასეთი საუბარი ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია!
ვინ არის მაია პაიჭაძე, რომ რესურსცენტრში შეკრიბოს სკოლის დირექტორები?! ამის შესახებ დღეს რამდენიმე ადამიანი შემეკითხა. ჩვენი ოფისი გამგეობის შენობაშია განთავსებული და როგორც ვიცით, მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ ადამიანს ჩვენთანაც ჰქონდა შეხება. ჩვენ, აქედან გამომდინარე, მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გადავედით ელექტრონული წესით საქმი სწარმოებაზე და დისტანციურ რეჟიმზე.
პარასკევს რესურსცენტრმა მიიღო სკოლებისთვის დანაკლისი სახელმძღვანელოები და თერმომეტრები, სადეზინფექციო საშუალებები, რისთვისაც საჭირო გახდა დირექტორების შეკრება, რომ კუთვნილი ნივთები გაეტანათ. გიდასტურებთ, რომ სკოლის დირექტორები ნამდვილად იყვნენ ჩვენთან ჩამოსული არასამუშაო დღეს და შესაბამისად, წაიღეს ყველა ეს აღჭურვილობა. არანაირი წინასაარჩევნო აგიტაცია, მუქარა შანტაჟი, მოსყიდვა არ ყოფილა.. ეს აბსურდული თემებია. ამას ნებისმიერი სკოლის დირექტორი დაადასტურებს.
_ ანუ როგორც თქვენ ამბობთ, მაია პაიჭაძე იქ არ შემოსულა და დირექტორებს არ შეხვედრია?
_ მაია პაიჭაძე შემოვიდა შენობაში, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და შემდეგ წავედით ერთად იქ, სადაც ვაპირებდით თავშეყრას. არანაირი ზეწოლა აქ არ ყოფილა, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
“გურია ნიუსი” შეეცადა თემის ადრესატს, მაია პაიჭაძესაც დაკავშირებოდა, თუმცა მიუხედავად ჩვენი არა ერთი მცდელობისა, მასთან სატელეფონო კავშირზე ვერ გავედით.