დღეს, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში, ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „თანამოაზრები აქ არ გყავთ“, „თავისუფალი მომავლისთვის“, „არა ალტ ინფოს“, „თქვენი ადგილი აქ არ არის“.
აქციის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ არ მისცემენ „ალტ ინფოს“ ოზურგეთში ფუნქციონირების საშუალებას. აქციაზე საკმაოდ ბევრი ოზურგეთელი იმყოფებოდა. მათ მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა, პედაგოგმა ირმა გორდელაძემ.
_ჩვენ ქართველებს უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და არ უნდა დავუშვათ, გაიხსნას ალტ ინფოს ოფისი. რუსეთი დამპყრობელია, რუსეთი ოკუპანტია, რომელმაც თავის დროზე ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა, რუსი ეგზარხოსი დაუსვა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აიძულა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ გვეძახიან, ევროპა გინდათო, ჩვენ ნათელი მხარე გვინდა. დემოკრტია გვინდა…ვშრომობთ, ვწვალობთ…გვინდა, დასრულდეს საბჭოური პერიოდი. ერთად ვიბრძოლოთ მდიდარი, თავისუფალი საქართველოსთვის. ის ოზურგეთელი ვინც გაწევრიანდება ალტ ინფოს შემადგენლობაში, მივალ და ვეცდები ავუხსნა, რომ რუსეთო ოკუპანტია, რუსეთი დამპყრობელია-თქვა მან.
_ოზურგეთი მაღალი პოლიტიკური კულტურის ქალაქია და აქ პროპუტინისტური პარტია ვერ მოიკიდებს ფეხს, – თქვა ოზურგეთელმა ვანო გოგოლაშვილმა.
სიტყვით გამოსულმა ახალგაზრდებმა თუ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, საკუთარ გამოსვლებში ურყევად დააფიქსირეს აზრი, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსული პარტია არ სჭირდება გურიას, საქართველოს და ფეხს ვერ მოიკიდებენ. ჭადრების ბაღიდან აქციის მონაწილეებმა გახსნილდ გმოცხადებულ, მაგრამ დაკეტილ ალტ ინფოს ოფისის კარზე პლაკატი გააკრეს: „ვიყაით, არ იყაით, სა იყაით“. ოზურგეთელმა მოქალაქეებმა აქაც გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ალტ ინფოს წინააღმდეგ. აქცია დასრულდა დაპირებით, რომ ალტ ინფო ოზუგეთში ფეხს ვერ მოიკიდებს და აქ მის ოფისს ვერ გახსნიან.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე