ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
არჩევნები დღეს ჩატარდა, კანდიდატი კი მხოლოდ სანიკიძე იყო.
კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ახალი პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატურა სწორედ მის სასარგებლოდ მოხსნა.
სანიკიძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ პასუხისმგებელა ყველა იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს წინ ელოდება. ისაუბრა ასევე პაატა გურასპაულზე და აღნიშნა, რომ კონფიგურაციის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
“სრულიად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ წარმატებაზე, რაც კალათბურთის ფედერაციას ელოდება წინ. რაც შეეხება პაატა გურასპაულის გადაწყვეტილებას, ჩვენ არაერთხელ გვქონდა მანამდეც შეხვედრა და ერთად დავსახეთ ის გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული კალათბურთი. მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ამ კონფიგურაციით, უფრო მეტი შესაძლებლობა არის კალათბურთს განვითარების”, — თქვა მან.
აღსანიშნავია, კანდიდატურის მოხსნამდე გურასპაული და სანიკიძე მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრნენ. შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ FIBA-ევროპის ბორდის წარმომადგენელი და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა კალათბურთის განვითარებისთვის 100 მილიონ ლარს გამოყოფს.
ყოფილი კალათბურთელი და ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 30 ნოემბერს დარეგისტრირდა. მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება სანიკიძეს დარეგისტრირებიდან მეორე დღეს, პირველ დეკემბერს შეიტანა.
წყარო: on.ge