გუშინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე თორნიკე შენგელიას ირგვლივ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
თავდაპირველად მოსკოვის „ცსკა“-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თორნიკე შენგელიასა და კლუბს შორის კონტრაქტი ქართველი კალათბურთელის ინიციატივით ოფიციალურად გაუქმდა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი „ცსკა“-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა გააკეთა.
„როცა შენგელია ჩვენს გუნდში მოვიწვიეთ, გათვლა მის მეომარ ბუნებაზე და ლიდერულ თვისებებზე გვქონდა. მან ჩვენი მოლოდინები სრულად გაამართლა. უნდა შეგახსენოთ, რომ თორნიკეს „ცსკა“-ში გადმოსვლა დიდი კრიტიკის ფონზე მოხდა, შენგელიამ კი ამ ზეწოლას გაუძლო. ახლა კი ჩვენ მისი საზოგადოებრივი და ოჯახური პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთამაშეზე კლუბები ოცნებობენ. მთელი გულით ვუსურვებ თორნიკეს ახალ გუნდში ბევრი წარმატების მიღწევასა და გულშემატკივრების ლამაზი მომენტებით გახარებას.“
მოგვიანებით გავრცელდა ცნობა რომ ქართველმა კალათბურთელმა იტალიის ქალაქ ბოლონიას „ვირტუსთან“ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა.
გამოცემებმა „Corriere di Bologna“, „Eurohoops“ და „Basketinside“ გაავრცელეს ცნობა რომ თორნიკე შენგელია იტალიაში 30 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი კატალონიურ „ბარსელონაში“ გადაბარგდება.
30 წლის ქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბში სეზონის ბოლომდე 600 ათას ევროს გამოიმუშავებს, ზაფხულში კი კატალონიურ კლუბში გადავა, რომელთანაც მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
პოლონელი მასმედიის მტკიცებით, 2022 წლის მუნდიალის ფლეი-ოფის მატჩი პოლონეთსა და რუსეთს შორის შეიძლება მაინც შედგეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ნაკრები და კლუბები სხვადასხვა ტურნირიდან მოკვეთეს. რუსებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ფიფა-ს, თავის ოფიციალურ საიტზე პოლონეთისა და რუსეთის მატჩი არა გაუქმებულად, არამედ გადადებულად აქვს მითითებული. პოლონეთის ნაკრების პრესატაშე იაკუბ კვიტაკოვსკიმ კი განაცხადა, რომ ფიფადან შეხვედრის გაუქმების შესახებ არანაირი ცნობა არ მიუღიათ. დაპირისპირება 24 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ახლა იწერება, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მატჩის ჩატარების დროდ ივნისი დაასახელოს.
ფიფა-მ რუსეთის „პრემიერ-ლიგაში“ მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, დროებით შეაჩერონ რუსულ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები და სხვაგან გადავიდნენ. ამის უფლება მიეცათ რუსეთში მოღვაწე უცხოელ მწვრთნელებსაც. მათ ამის გაკეთება კლუბთან შეუთანხმებლად შეუძლიათ.
გამონაკლისის სახით დაშვებული ეს წესი სეზონის დასრულებამდე (30 ივნისამდე) იმოქმედებს. ისინი ჩაითვლებიან თავისუფალ აგენტებად და ახალ კლუბებთან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეეძლებათ ხელშეკრულების გაფორმება. ნებისმიერ არარუსულ კლუბს რუსულ პრემიერ-ლიგაში მოთამაშე ლეგიონერის დარეგისტრირება შეეძლება 7 აპრილამდე. თითოეულ კლუბს მხოლოდ ორი ასეთი მოთამაშის დამატება შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ფიფა-ს დათქმით, ფეხბურთელებს ამის გაკეთება შეეძლებათ, თუ 10 მარტის ჩათვლით თავიანთ რუსულ კლუბებთან ვერაფერზე შეთანხმდებიან.
რა ნაბიჯებს გადადგამენ რუსეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები? ამათგან განსაკუთრებით საინტერესოა ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო ბედი.
ფიფა-ს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ „პრემიერ-ლიგაში“ მოასპარეზე ლეგიონერები ევროპულ კლუბებს არ სჭირდებათ.
„ლეგიონერები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ, ევროპაში არავის დასჭირდება. ჩვენს ლიგაში ძალიან სუსტი უცხოელები არიან. ყველანაირ ხარახურას აქ ყრიან და აგენტებს უზარმაზარ ფულს აძლევენ. თუ ლეგიონერებმა კონტრაქტების გაწყვეტა და სხვა ლიგებში წასვლა შეძლეს, ისინი ასეთივე ხელფასებს ვერ მიიღებენ, რადგან მათზე მოთხოვნა არ არის.“ – განაცხადა ანზორ კავაზაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრები მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არა რუსეთში, არამედ იტალიის ქალაქ ბერგამოში მოემზადება.
2022 წლის მსოფლიოს პირველობა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 21-27 მარტს ჩატარდება, ქართული დელეგაცია წინასწარ განაცხადში სოლიდურადაა წარმოდგენილი. კაცებში ყვითელაშვილის შემცვლელად ნიკა ეგაძე მოიაზრება, ქალებში გუბანოვას შემდეგ რიგში ალინა ურუშაძე დგას, წყვილებში ყინულზე ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი (შემცვლელები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა) გავლენ, ხოლო სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვიხილავთ.
[sexy_author_bio]