მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის, ჯერაც არ გაცხადებულა, როგორ გამოიყურება „ქართული ოცნების“ პარტიული სია ლანჩხუთში. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, სიის პრეზენტაცია მომდევნო კვირასაა დაგეგმილი. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ სიის საბოლოო ვარიანტზე პარტიის შიგნით ჯერაც არ არიან შეჯერებულები და დაზუსტებით არავინ იცის, საბოლოოდ, როგორ დაკომპლექტდება პირველი ათეული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პარტიულ სიაში მხოლოდ ორ ადამიანს _ „კონსერვატორების“ წარმოამდგენელს, საკრებულოს მოქმედ დეპუტატს, ალექსანდრე მახათაძესა და პოლიტიკაში ახალ სახეს, ექიმ რეზო კვერენჩხილაძეს აქვთ გარანტირებული ადგილები. ეს უკანასკნელი მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის თანასოფლელია და ბოლო დროს „ოცნების“ შეხვედრებზეც აქტიურად ჩანს. როგორც ამბობენ, ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება, მოხვდება თუ არა სიაში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გოგი ხელაძე, რომელიც საკითხზე კომენტარისგან თავის შეკავებას არჩევს _ „თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარისგან. გამორიცხული არაფერია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
როგორც ჩანს, „ოცნების“ სიაში ვერ მოხვდა, თუმცა ამის ამბიცია აქვს ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმის დირექტორს მაია ჩხაიძეს, რომელიც ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
„როგორც „ქართული ოცნების“ წევრს, მიმაჩნია, რომ 2014 წელსაც და ახლაც კომბინირებული უპირატესობანი გამაჩნია, რასაც, ობიექტურობის შემთხვევაში, უნდა განესაზღვრა „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ჩემი ყოფნის საკითხი, თუმცა მიუხედავად ამისა, დღესაც ოფსაიდში ვრჩები.
მე 2006 წლიდან მოყოლებული ვაწარმოებდი უკომპრომისო ბრძოლას ,,ნაციონალების“ წინააღმდეგ, მაშინ, როცა ამჟამინდელი საკრებულოს თუ გამგეობის ზოგიერთი წევრი „ნაციონალების“ მხარდამჭერი იყო. მე სასწორზე დავდე, როგორც ჩემი პატიმარი ძმის სიცოცხლე, რომელიც ჩემი პოზიციის გამო, საპატიმროში საშინლად სცემეს, ასევე, ჩემი სამსახური და თანამდებობა.
ვინც მიცნობს, ვერც განათლებას და ცოდნას დამიწუნებს, არადა, საკრებულოს ზოგიერთი წევრი აზრის სწორად ჩამოყალიბებასა და გადმოცემას ვერ ახერხებს, აღარაფერს ვამბობ შინაარსობრივ დატვირთვაზე. მაშ, რა ხდება, რატომ ვრჩები ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში?! როგორც ჩანს, მავანთ, რომელთაც „ლობისტი“ ჰქვიათ, არ მოსწონთ ჩემი ხასიათი, რომელიც მკაფიო ინდივუალიზმით გამოირჩევა. ნეტა, ვინ იღებს ე.წ. „გონივრულ გადაწყვეტილებებს“ პარტიული სიის დაკომპლექტების შემთხვევაში?!“ _ ამბობს მაია ჩხაიძე და მიიჩნევს, რომ აუცილებლობას წარმოადგენს კულტურის სფეროს წარმომადგენელი ჰყავდეს საკრებულოში: „ რატომ არ უნდა ჰყავდეს კულტურის სფეროს თავისი წარმომადგენელი საკრებულოში, მაშინ, როცა აქ გატარებული უმართებულო საკადრო პოლიტიკის შედეგად, ამ სფეროს უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საკრებულო უნდა დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, ვინც პოლიტიკური თუ პროფესიული განვითარების თითქმის ყველა ეტაპი გაიარა“.