სველი ექსპონატები, დაზიანებული კედლები, აყრილი იატაკი, გადახდილი სახურავი, განადგურების პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი არ ცხრება.
10 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მუზეუმი ექსპოზიციის გარეშე დარჩა. თანამშრომლები პასუხისმგებლობას ფოლკლორის ცენტრს აკისრებენ, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი კი, მუზეუმში არსებულ სიტუაციას „ძლიერ ემოციას“ უკავშირებს და ამბობს, რომ აჟიოტაჟი არაფრის გამო შეიქმნა. ის ამაში ჟურნალისტებსაც ადანაშაულებს: “თქვენ, რომ ამბობთ ინგრევაო, კი არ ინგრევა, შენდება“.
ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მუზეუმი 81 წლისთავს ექსპოზიციის გარეშე ხვდება. მისივე თქმით, მუზეუმი დღეს, ფაქტიურად აღარ არსებობს.
“როცა მუზეუმი დამთვალიერებელს ვეღარ ღებულობს, მისი ფუნქცია ნულია, რაც შეეხება ექსპოზიციის მოშლას, ეს უკავშირდება ფოლკლორის ცენტრის მშენებლობას, დავიწყოთ იქედან, რის გამო განადგურდა მუზეუმში არსებული ექსპოზიციები “_ამბობს დირექტორი.
“ _ სამწუხაროდ 81 წლისთავს ჩვენ ვხვდებით ექსპოზიციის გარეშე, აბსოლუტურად ყველა ნივთი ფონდებშია გადატანილი, რომელიც არც ისე კარგ პირობებშია, ეს ყველაფერი კი საიდან დაიწყო? _ მუზეუმი ორი ფლიგელისაგან შედგებოდა, ერთი მხარე იყო ადმინისტრაციული ნაწილი და მესამე სართულზე განთავსებული იყო ხელნაწერთა ფონდი, ხოლო მეორე ნაწილში კი ძირითადად ექსპოზიცია იყო განთავსებული. 2014 წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე ბრძანდებოდა. მუზეუმის მარჯვენა ფლიგელი გადაეცა ფოლკლორის ცენტრს. გაკეთდა პროექტი, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ დავტოვეთ იმ ფლიგელში ხელნაწერთა ფონდი, ადმინისტრაციული კაბინეტები, დიდი დარბაზებიც.
ასევე ამ პროექტის ფარგლებში შევიდა ფასადების მთლიანი რემონტი და ოთხივე მხარეს დაიგეგმა ვიტრაჟების გაჭრა. ამან გამოიწვია ამ საექსპოზიციო დარბაზების დაჭრა, ავალაგეთ ექსპოზიცია და დავაბინავეთ ფონდებში. ამ გაჭრის შედეგად ისეთ მდგომარეობაშია დარბაზები, რომ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება, მას უნდა ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი. აბსოლუტურად წყობილებიდან არის გამოსული იატაკი, კედლები, ჩამონგრეულია ჭერი. კი ხედავთ რა მდგომარეობაშიც ვმუშაობთ, სულ ორი ოთახი გვაქვს, არ გვაქვს სველი წერტილები, თავისთავად არ გვაქვს გამოფენა, _ ფაქტიურად მუზეუმი აღარ არსებობს. ამ დროისთვის მუზეუმის პროექტი არ არსებობს. სანამ პროექტი არ არსებობს რა თქმა უნდა მის რეაბილიტაციაზე საუბარი ზედმეტია. ფირმის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რაც დავაზიანე, იმას შევაკეთებო, მაგრამ ისეთ დღეშია მეორე სართულზე საექსპოზიციო დარბაზები, რომ იმას შეკეთება არ შველის, მისი აღდგენა შეუძლებელია. ფაქტიურად ექსპოზიციის გარეშე ვართ დარჩენილები“, _ამბობს გოგა ტრაპაიძე.
“ქვის ხანაშიც არ იქნებოდნენ ასეთ დღეში, ადგილობრივი მუზეუმი განადგურებულია ., ფოლკლორის ცენტრის მშენებლობამ გაანადგურა მუზეუმი, დაზიანებულია ძირითადი ფონდსაცავი, დაგვიზიანა ხელნაწერები, რომ გადავარჩინოთ ეს ექსპონატები ამისთვის ვიბრძვით. სანამ ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა დაიწყებოდა, ჯერ გვეშველა ადგილობრივისთვის, ჩვენი მუზეუმისთვის და მერე გაეკეთებინათ, ერთის ხარჯზე მეორე გავაფუჭოთ, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო. მოხდა პირიქით, შენდება ცენტრი და ინგრევა მუზეუმი. რომ ჰკითხოთ, ტურიზმს ავითარებენ, მუნიციპალიტეტმა ორი მუზეუმი გახსნა და აქ დაანგრიეს“,_ამბობენ მუზეუმის თანამშრომლები.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მუზეუმის თანამშრომლები ფოლკლორის ცენტრისკენ ხელს უსამართლოდ იშვერენ:
“იქნებ ჰკითხოთ მუზეუმის თანამშრომლებს, რატომ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას? რა არგუმენტი აქვთ აქვთ, რომ ჩვენკენ იშვერენ ხელს?“, _ აცხადებს სურგულაძე.
_ ბატონო ავთანდილ, თქვენ ბრძანდებოდით მაშინ, საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც მიიღეთ გადაწყვეტილება მუზეუმის მეორე ფლიგელზე აშენებულიყო ფოლკლორის ცენტრი, მშენებლობამ გამოიწვია ნგრევა, კედლების დაზიანება და ფაქტიურად განადგურებაც კი. თანამშრომლები ამბობენ, რომ თქვენ არ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჯერ უნდა მომხდარიყო მუზეუმის რეაბილიტაცია და შემდეგ ახალი შენობის აშენება, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ კი, ბატონო, დიახ ვიყავი, საკრებულოს თავმჯდომარე და რა მერე, არ მივიღე სწორი გადაწყვეტილება?! რატომ განადგურდა ვერ ვხვდები, მუზეუმი, ალბათ, გახსოვთ ისედაც, როგორ ავარიულ მდგომარეობაში იყო. როცა მე საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთობლიობაში ყოფილიყო მუზეუმი და ფოლკლორის ცენტრი, სტუმრებისთვის მომხიბვლელი იქნებოდა. ანუ ერთ მხარეს ფოლკლორის ცენტრისთვის ინვესტიციებს მოიზიდავდა ფოლკლორის ცენტრი, მეორე ფლიგელს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ფოლკლორის ცენტრმა შეასრულა ეს ვალდებულება, უფრო მეტიც, მარტო ჩვენს კი არა, მთლიან სახურავს აკეთებს, მთლიანად აგერ ფასადიც კეთდება. როცა ჩამოდიოდა მშენებლები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეადგინა პროექტი, როცა დასრულდა ერთი მხარე, მეორე მხარეს კი ქალაქის მერს მოთხოვეს, რომ გთხოვთ გამოგვიგზავნეთ დაკვეთა, მეორე მხარის პროექტირებაზე, ქალაქის მერმა მეორე დღესვე შეადგინა ეს პროექტი და გააგზავნა , ეს თემა კი დაევალა მუნიციპალურ ფონდს დასაფინანსებლად, შემდეგ შეიცვალა მინისტრი , ბოლოს რომ იყვნენ ჩამოსულები ასე ითქვა, რომ შეიცვლებოდა სახურავი მთლიანად. სახურავი რომ კეთდება, შეიძლება იქ მოხდეს პატარა რამ, მშენებლები ხელს უწყობს, რემონტდება ესეც ჟურნალისტებმა დაწერეთ, რომ ინგრევა მუზეუმიო, კი არ ინგრევა, პირიქით შენდება, კეთდება, გარემონტდება მუზეუმიც, საქმის კურსშია არჩილ თალაკვაძეც, გუბერნატორიც, ქალაქის მერიც ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ეს ხმაური ატეხილია არაფრის გამო, უყურადღებობა გამოიჩინა ალბათ მშენებლებმაც, ცოტა მუზეუმმაც, ამიტომ ფოლკლორის ცენტრი არაფერ შუაშია. ამხელა ინვესტიცია არ განხორციელებულა არსად, ორი მილიონი ჯდება რეაბილიტაცია, რატომ იშვერენ ფოლკლორის ცენტრის მიმართულებით ხელს არ ვიცი“, _ ამბობს სურგულაძე.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნავს, რომ პირადად შეხვდა იმ ფირმის დირექტორს, ვინც ფოლკლორის ცენტრისა და მუზეუმის რეაბილიტაციას აწარმოებს:
“მე და დავით ღონღაძე ადგილზე გავეცანით სიტუაციას. შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ სამშენებლო კომპანია დაზიანებული ექსპონატების რეაბილიტაციაზე მთლიანად აიღებს პასუხისმგებლობას. საბედნიეროდ ხელნაწერები განადგურებული არ არის და აღდგენას ექვემდებარება“, _ აცხადებს სიორიძე.