ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს,_ აღნიშნული განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გააკეთა.
„ამ ეტაპზე ვენახების მასიური გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს. ვინც ახლა აშენებს ვენახს, უნდა გააცნობიეროს, რომ ვენახი არის მომავლის ინვესტიცია და გაშენება სწორად უნდა დაიგეგმოს“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
„მოხმარების შემცირება განსაკუთრებით შეეხო დაბალ საფასო კატეგორიის ღვინოებს; მდგომარეობა უფრო სტაბილურია პრემიუმ სეგმენტში. იმისთვის, რომ მოსავალი იყოს ხარისხიანი, ვაზის ნერგი, ნიადაგი, გაშენების ადგილმდებარეობა, გაშენების პროექტი, ეს ყველაფერიც უნდა იყოს ხარისხთან შესაბამისი. სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს დარგის განვითარებაზე და ვისაც სურს ამ მხარდაჭერით სარგებლობა, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი შესაბამისი რეკომენდაციები“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება.


































































