იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID ბარათი) შეღავათიან ფასად აიღებენ.
“პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:
•სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
•სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
•მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
•მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში”,_ აცხადებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.































































