პარტია ,,საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პრემიერ ღარიბაშვილს მცხეთაში მორატორიუმის შეჩერების საკითხზე დაუსვა კითხვა.
„უკვე მეშვიდე წელია, რაც მცხეთაში მორატორიუმის პრობლემა არსებობს. ვერანაირად ვერ მოგვარდა და ვერ მოიხსნა მორატორიუმის საკითხი. გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავა მცხეთის განვითარების გეგმა. ძალიან ბევრი მხარე იყო ჩართული, ბევრი ინტერესია ჩადებული, მაგრამ განახლებული რეგიონების პროექტიც მცხეთაში ამ მორატორიუმის გამო შეფერხებულია. მაინტერესებს რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – როდის გადაწყდება ეს პრობლემა და როდის მიეცემა მცხეთას განვითარების შესაძლებლობა?”- ამბობს კერესელიძე.
კერესელიძე მაღალმთიანი დასახლებების ენერგომომარაგების და გამრიცხველიანების საკითხსაც შეეხო.
,,ჩემი მეორე შეკითხვა ეხება მაღალმთიან დასახლებებში და რეგიონებში გაზიფიცირება და ელექტროენერგიის უზრუნველყოფას. გასულ წელს გეგმით გათვალისწინებულის გარდა ძალიან ბევრი სოფელი დავამატეთ – ვგულისხმობ არაგვის ხეობას, მთიულეთის ზონას… დასრულდა სამუშაოები ზოგი დეკემბერში, ზოგი იანვარში, მაგრამ დღეს სამწუხაროდ გაზი მოსახლეობას ჩართული ისევ არ აქვს. ანუ გამრიცხველიანება ვერ დასრულდა. მოსახლეობა ძალიან დიდ გულისტკივილს გამოთქვამს, რატომ არის ეს გაჩერებული – 6 თვე გავიდა უკვე სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ გაზი მოსახლეობას არ მიეწოდება”, – ამბობს კერესელიძე.
შალვა კერესელიძემ ადგილობრივებისთვის მიწების რეგისტრაციის გართულების და შეფერხების საკითხზეც ისაუბრა, მაშინ როცა მიწების დარეგისტრირებას იოლად ახერხებენ ისინი, ,,ვისაც არ ეკუთვნის” და პრემიერს ამ საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა.
,, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაცია ისეთი ფორმით მიდის, ვერ გაიგებს ადამიანი ვის ეკუთვნის და ვის არ ეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში – ადგილობრივები, ვისაც მართლა ეკუთვნით მიწების დარეგისტრირება – ისინი ვერ ირეგისტრირებენ, მარგამ ვისაც არ ეკუთვნის, როგორ ირეგისტრირებენ ეს გაუგებარია. ეს მხოლოდ ჩემს რეგიონში არ ხდება, ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.