“გურიაში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს”, _ ეს ინფორმაცია პარლამენტის წევრის, ვასილ ჩიგოგიძის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
„რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იწმინდება, როგორც ცენტრალური, ასევე, შიდა-სასოფლო გზები. მობილიზებულია ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები დაზიანებულ უბნებზე მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, _ აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
ამ პოსტს არაერთი კომენტარი მოჰყვა, _ მოქალაქეები, ძირითადად, დახმარებას ითხოვენ. ყველაზე მეტი კომენტარის ავტორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან მცხოვრებლები არიან.
Lika Ambrolava: „ოზურგეთის სოფლები, ჯუმათი გურიას არ ეკუთვნის? ერთხელ მაინც გაიაროს ტრაქტორმა უბნებში, კერძოდ ლაშეში, სადაც ძირითადად მოხუცი და ხანდაზმული ხალხი ცხოვრობს. რამე რომ დასჭირდეთ სასწრაფოც ვერ ჩავა. მიაქციეთ. ხალხს. ყურადღება _ დენი არა, წყალი არა, გაზი არა… გზა მაინც გაწმინდეთ!!!!!!!!!“
იზო ლუაშვილი: „რა იწმინდება?! შრომას პატრონი არ ყავს. წყალი არაა, დენი არაა, გზა გაუწმენდავია ორი დღეა ტექნიკაც არ გამოსულა. უპატრონოდ არის ამხელა სოფელი. სად არის ვინმე, ან გამგებელი ან რომელიმე მთავრობა. არჩევნები რომ ახსოვთ მარტო, უნდა, დასვან მისი ოჯახით და მიხვდებიან ხალხის გაჭირვებას“.
Maia Kalandaze: „ნატანები მთლიანად პარალიზებულია. არც გზა, არც შუქი, არც წყალი… რატომ იტყუებით? 160 სმ თოვლი დევს. პატრონი არ გვყავს!“
რიმა ჩხარტიშვილი: „სიმართლის თქმა, არაა, მგონი, დანაშაული. ნინოშვილში გზა არაა. თოვლის გამოჩენის პირველი დღიდან პრობლემაა შუქზე, წყალი არაა,,, დანარჩენომადლობთ ჯერ ცოცხლები ვართ“.
ლამზირა ლორია: „კი, ბატონო, დენი არის, მარა, გზების რა მოგახსენოთ?! ვინაა ჩვენი გამკითხავი, ვინ მოვიდა, ვინ გაწმინდა ან ვინ კითხულობს ჩვენ ამბავს?! ამდენი პენსიონერი ვართ… თუ არ ვიქნებით პენსიონერები, მით უკეთესია ჩვენი მთავრობისთვის.. ვითხოვთ, რომ გზას გაწმინდონ _ მეტს ხომ არ გთხოვთ რამეს?!“
სოსო თოხაძე: „ვასიკო არის ძალიან კარგი ადამიანი… მას უნდოდა ეთქვა, რომ ნამდვილად გაიწმინდებოდა გზები სწრაფად და ხარისხიანად, რომ საკმარისი ტექნიკა გყვავდესო…“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, დილით, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდა. ვრცელდება ვიდეოები სოფელი ნაგომრიდან და დაბა ნასაკირალიდან.
ინფორმაციისთვის, გურიაში მეოთხე დღეა თოვს. სოფლების უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, გაზი, ინტერნეტი.
ავტორი