საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან მატჩში 1:0 დამარცხდა.
როგორც მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა, შედეგით უმკაყოფილო, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილია.
“საწყისი 20 წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ყავდა, მაგრამ ჩემმა ფებურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა, ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში”,_ ამბობს ვაისი.
მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ იყო 2-3 კარგი მომენტი, რომლის გამოყენებაც გუნდმა ვერ შეძლო.
„მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა, ქვილითაიამ კი კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ იან სომერმა კარგად ითამაშა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბრწყინვალე გიორგი ლორია იყო“,_ განაცხადა ვაისმა.