საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სომხეთის ნაკრებთან მატჩის წაგებით (0:1) იმედგაცრუებას ვერ მალავდა – მან პრესკონფერენციაზე ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდისგან მეტს ელოდა.
„დღეს იმიტომ წავაგეთ, რომ სათამაშო დისციპლინაში მოვიკოჭლებდით და მეტი ემოცია გვჭირდებიოდა, რამაც განაპირობა საბოლოო შედეგი. მივდივარ და ამ გუნდის უკეთესი მომავლისთვის ერთა ლიგის დარჩენილი ორივე მატჩის მოგება ძალიან სასურველი იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მატჩის შემდეგ „ბ“ ლიგაში დაწინაურებისთვის სომხეთი და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები იბრძოლებენ. მეტი შეეძლოთ ფლანგის მოთამაშეებს გაეკეთებინათ. ვერავინ იტყვის, რომ მოგება არ სურდათ, მაგრამ დღეს შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვივიდა“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
მან საქართელოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშის შესახებ განაცხადა, რომ ყველა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, რაც მათ უნდა ჰქონდეთ: „მიმაჩნია, რომ დისციპლინით და მომენტების გამოუყენებლობის გამო წავაგეთ. როდესაც ვემზადებოდით, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თითოეულ მოთამაშეს ამ მატჩების შემდეგ ვეტყოდი აბსოლუტურ სიმართლეს, რაც საქმისადმი მათ დამოკიდებულებას შეეხებოდა. კონკრეტულად არ მსურს ფეხბურთელების დასახელება, მაგრამ ზოგიერთი შესაძლოა, ვერ გრძნობს, ნაკრების მაისურის ტარება როგორი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ზოგიერთი დღეს გამოძახებული მომავალში ამ გუნდის წევრი არ იყოს. მე ქართველი არ ვარ, მაგრამ ამ გუნდის წინსვლისთვის ბევრი გავაკეთე. დასანანია ასეთი მარცხი და ვწუხვარ, გულშემატკივარს გული რომ ვატკინეთ“.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისევ 6 ქულით დარჩა და პირველ ადგილზე გასვლისა და „ბ“ დივიზიონში დაწინაურების შანსი დაკარგა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ სახლში ესტონეთს 2:1 სძლია და 9 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.
წყარო: 1ტვ