მარიუპოლში ვითარება უკიდურესად მძიმეა, უბრალოდ არაადამიანურია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ განზრახ ჩაიდინა. რუსეთი შეგნებულად ცდილობს გაანადგუროს ყველა, ვინც მარიუპოლშია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სიტუაციის შეცვლის მხოლოდ ორი გზა არსებობს: პარტნიორებმა უკრაინას საჭირო იარაღი უნდა მიაწოდონ, ან მდგომარეობა მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.
„ამაზე გავლენის მოხდენის მხოლოდ ორი გზა არსებობს: ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინას ყველა საჭირო იარაღი, თვითმფრინავები დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ, ან მოლაპარაკებების გზით, რომელშიც პარტნიორების როლი ასევე გადამწყვეტი უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ არსებობს მარიუპოლთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების აბსოლუტურად ეფექტური გზა.
„მარიუპოლის ბლოკადის შემდეგ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ გამოსავალზე არ გვეფიქრა. სამხედრო თუ დიპლომატიური – ყველაფერი ხალხის გადასარჩენად, მაგრამ ამ გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია. ჯერჯერობით, არ არსებობს ასი პროცენტით სწორი გზა. ეს ეხება როგორც სამხედრო ვარიანტებს, ასევე მოლაპარაკების პროცესს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.